კოლეგასთან ხელჩართულ ჩხუბში მონაწილე იმედის ჟურნალისტი ბოდიშს იხდის და კოლეგებს ამ ფაქტის გაშუქების გამო საყვედურობს

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან გრიგორაშვილი, რომელიც დღეს თავის კოლეგასთან ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფეისბუქზე განმარტებას აქვეყნებს. ინციდენტი დღეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან მისული პრემიერ მინისტრის კომენტარი ჩაწერეს, მას შემდეგ კი, რაც გახარია წავიდა ორი ჟურნალისტი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ვიდეო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. newsreport.ge-მ სწორედ ეთერში გასული ვიდეო შესთავაზა მკითხველს.

ქეთევან გრიგორაშვილი ფეისბუქზე წერს:

“მეგობრებო, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომელმაც სრულიად ადეკვატურად შეშფოთება გამოიწვია თქვენში.

პირველ რიგში ჩვენ, ჟურნალისტები ვდგავართ წინა ხაზზე ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ვამხელთ და გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც გაუგონარ ბოროტებას სჩადიან. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემგანაც მოგესმინათ რამდენიმე სიტყვა დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით.

კადრები თქვენმა უმეტესობამ უკვე ნახა, რაღაც შეამჩნიეთ, რაღაც გამოგრჩათ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ. თავის მართლებას არ ვაპირებ, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი (ვინც გადაღებაზე იყო ალბათ დამეთანხმება). უბრალოდ ვწუხვარ იმის გამო, რომ წყობიდან გამოვედი და ამ მდგომარეობამდე მივედი. ვინც მიცნობს, მათთვის ასახსნელიც არაფერია. ყველამ კარგად იცის, როგორი წარმოუდგენელია ჩემგან თუნდაც ხმამაღალი საუბარი…

ბოდიშს ვუხდი მხოლოდ “ტელეკომპანია იმედს”, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე და ჩემი თავშეუკავებლობის გამო ჩემს კოლეგებს უწევთ თავის მართლება. ახლა თავად ტელევიზიის გადასაწყვეტია ყველაფერი.

PS. მადლობა იმ “სააგენტოებს”, “ჟურნალისტებს”, “მეგობრებს”, ვინც არ დაიზარეთ და “რეიტინგის” გამო ვიდეო სოციალურ ქსელში განხილვის თემად აქციეთ. მაინც გახსოვდეთ, რომ 0.01 შეარისთვის კოლეგიალურობა არ უნდა დავიწყოთ„ – წერს ჟურნალისტი.

newsreport.ge თავს ვალდებულად თვლის მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ:

არა მხოლოდ ინციდენტის, არამედ მთლიანად მთავრობის წევრების ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა ყველა პლატფორმიდან გამოქვეყნებიდან მალევე გაქრა. ჩვენ, უბრალოდ ვიდეოს დროულად ჩაწერა მოვასწარით.

ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ჟურნალისტები, სხვადასხვა არხებიდან შეეცადნენ ეს ვიდეო ყველა გვერდიდან გამქრალიყო და ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც.

ჩვენი “კოლეგები“ შეეცადნენ მასალა newsreport.ge-საც წაეშალა, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს მასალა არ უნდა წაგვეშალა, რადგან:

ჟურნალისტი არის რიგითი ადამიანი და არავის მიუცია მისთვის უფლება უპირატესობით ისარგებლოს მაგალითად, გარე მოვაჭრესთან ან მაღაზიის გამყიდველთან შედარებით. არ ვართ დარწმუნებული, რომ სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში  ჩვენი “კოლეგები“ ასეთივე ერთსულოვნებით და მონდომებით შეეცდებოდნენ გაექროთ ინციდენტის ამსახველი კადრები.ჟურნალისტები საბოლოოდ პოლიციამ გააშველა და მსგავსი ინციდენტის დროს შესაძლოა სხვა მოქალაქეები დაეპატიმრებინათ კიდეც.

ჟურნალისტი საჯარო პირია და მკითხველს/მაყურებელს აქვს უფლება იცოდეს როგორ იქცევა ის საჯარო სივრცეში.

ვიდეო გადაიცა პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ის არ ყოფილა პირადი ცხოვრების ამსახველი, პირადი ინფორმაციის შემცველი, პირად სივრცეში, ან არაეთიკური გზით მოპოვებული მასალა.

ჩვენ ვემიჯნებით ყალბ კოლეგიალობას და ვარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს, რომ ამ საკითხის გაშუქებასთან კოლეგიალობა არაფერ შუაშია.

ჩვენთვის ყველაზე გამაოგნებელი კი ამ ისტორიაში ის აღმოჩნდა, რომ ქართულმა ჟურნალისტურმა “თანამეგობრობამ“ გადაწყვიტა, მოინდომა, და წარმოიდგინა, რომ მართლაც შეუძლია მომხდარი ფაქტი გააქროს მედია სივრციდან ისე, თითქოს არც ყოფილა. ვინც  თვლის, რომ ამაში არმონაწილეობა არაკოლეგიალობაა, ნამდვილად არ უნდა ჩაგვთვალოს კოლეგებად.

newsreport.ge