კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ საზოგადოება ყველა რეგულაციას დაიცავს და პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%–მდე გაიზრდება, შეიძლება შემდგომ ეპიდ-აფეთქებას თავი ავარიდოთ.

მისივე თქმით, მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას არ განიხილავს.

“დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება.

მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს – აი ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ipn–თან საუბრისას.