კომენდანტის საათმა სადისტრიბუციო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებამ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

როგორც ჭყონიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, როდესაც შეზღუდვების გამკაცრებაზე იყო საუბარი, ფიქრობდნენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს ეს არ შეეხებოდა, თუმცა ბოლოს, ღამის 9-დან დილის 6 საათამდე გადაადგილება მათაც აუკრძალეს.

„დღევადელ დღეს შექმნილმა სიტუაციამ, როცა ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენა იმ კუთხით, რომ რატომღაც გვეგონა, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეზღუდვა არ იქნებოდა და სიები მომზადებული გვქონდა, გადავეცით, თუმცა დღის ბოლოს მივიღეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ 9 საათის მერე მოძრაობას ჩვენც ვერ შევძლებთ. ეს საკმაოდ ბევრ კომპანიას პრობლემას შეუქმნის, იგივე მწარმოებელ კომპანიებს. მათ უწევთ ღამის ცვლაში მუშაობა, იქ პროდუქციის მიღება ხდება, წარმოება და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია უბრალოდ ამ პროცესების შეჩერება და ამიტომ, ალბათ ხვალ კიდევ მეტი კომუნიკაცია გვექნება ხელისუფლებასთან, დეტალურად ავუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ გაითვალისწინონ და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ჩვენთან ერთად იმ სიების გაფილტვრაში, თუ ვინ არის საჭირო, ვინ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ვინ არა, რომ არ შეჩერდეს ეს პროცესი და ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს და დახლები ცარიელი არ ვნახოთ”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად ისე ავტოტრანსპორტით.