კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს – მეთიუ ბრაიზა ვაშინგტონის სანქციებზე

ეს უკვე სანქციებია ვაშინგტონის მხრიდან – შეერთებული შტატების კონგრესი კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა, “მთავარ არხთან” საუბრობს.

როგორც ამერიკელი დიპლომატი ამბობს, კონგრესის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მსუბუქი ნაბიჯებია, რადგან საქართველო ვაშინგტონისთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

“ეს კანონპროექტია, ეს არის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი. იქნება სენატის ვერსიაც, ასე რომ ეს ჯერ არ არის ამბის დასასრული, სენატისა და კონგრესის პოზიციაც კი კომიტეტი შეაჯამებს, ასე მუშაობს ამერიკის საკანონმდებლო სისტემა, ამ პროცესს მიეცემა მსვლელობა. მანამდე კი – დიახ, ეს კანონპროექტია, რომელსაც აუცილებლად დაამტკიცებენ, რადგან ეხება სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ოპერაციების ხარჯებს. რაც შეეხება თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამბობს, რომ ეს რეპორტია – დიახ, ეს არის მიმართვა სახელმწიფო მდივნის მიმართ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ანგარიში საქართველოს შესახებ, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიის განმტკიცება, კორუფციასთან ბრძოლა, დაცულები არიან თუ არა ადგილობრივი და უცხოური კომპანიები ოლიგარქიული ჩარევისაგან და არის თუ არა კანონის უზენაესობა ქვეყანაში. თუკი დეპარტამენტი იტყვის, რომ ყველაფერი გამოსწორდა, ეს ზომა არ ამოქმედდება. მაგრამ თუკი იტყვის, რომ ასე არ არის, მაშინ 135 მილიონიდან 15 პროცენტი გაიყინება, ეს უკვე არის სანქცია. ჩემი აზრით, ძალიან მსუბუქი პასუხი, ძალიან, იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება, რადგან იმის მიუხედავად, რაც ხდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რომლის შესახებაც მე დამიჯერეთ, ინფორმირებული ვარ ვაშინგტონში, საქართველო ძალიან პოპულარულია, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ სანქციები ამ ეტაპზე უფრო მკაცრი არ არის“, – ამბობს ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა.