კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენს პნევმონია აქვს

კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცახადა.

როგორც ტურძელაძე განმარტავს, სპორტსმენი მათ საავადმყოფოში გუშინ, თბილისიდან შეიყვანეს. ამასთან, მისივე თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.

„მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს“, – განცხადა ტურძელაძემ.

კითხვაზე, დადგენილია თუ არა სპორტსმენის კონტაქტები და კლასტერი, ტურძელაძე პასუხობს, რომ ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.

„ამას ადგენს ამირან გამყრელიძის სამსახური, ჩვენ ყველა მონაცემს ვაწვდით მათ და ისინი ადგენენ ყველაფერს. ამ ადამიანმა არ იცის ვისგან დაავადდა, ჩვენ ასე გვითხრა“, – განაცხადა ტურძელაძემ.