კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს.

მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ ვაცინა 2021 წელზე ადრე ვერ იქნებოდა მზად, რადგან ჩინეთში კლინიკური ცდების ჩასატარებლად საკმარისი პაციენტები არ არიან.

თუმცა ახლა ჩინურმა კომპანიამ ვაქცინის ორი შტამის ტესტირებისთვის მოხალისეები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იპოვა. იქ კვლევებში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობს.

კიდევ ერთი ჩინური კომპანია, Sinovac Biotech თავისი ვაქცინის ტესტირებისთვის მესამე სტადიაზე ბრაზილიელ მოხალისეებს იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერების არაერთი ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. განსაკუთრებით წარმატებულია ორი სხვადასხვა საცდელი ვაქცინა. ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანული-შვედური ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ თანამშრომლობით შეიქმნა და ადამიანებზე გამოცდის ბოლო სტადიებზე აჩვენა, რომ ძლიერ იმუნურ პასუხს უწყობს ხელს. მეორე, ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „კანსინო ბიოლოგიკის“ მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომელიც მათი განცხადებით, პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს.

პარალელურად, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „პფაიზერმა“ და მისმა გერმანულმა პარტნიორმა „ბიოენტექმა“ ასევე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის კანდიდატი პოზიტიურ პროგრესს აჩვენებს.

ყველაზე მეტ ყურადღებას, ოქსფორდის და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინა იწვევს. კომპანიამ უკვე ბევრ მთავრობასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, ვაქცინის მიწოდების თაობაზე, თუ მისი ეფექტურობა დადასტურდება. კომპანიამ უკვე დადო შეთანხმება ორი მილიონი დოზის წარმოებაზე.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაქცინა 10,000 მოხალისეზე უკვე გამოსცადეს ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. შეერთებულ შტატებში კი 30,000 მოხალისე ჩაერთვება ვაქცინის გამოცდის პროცესში მომავალ კვირას.

სავარაუდოდ ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება მზად.