კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება და 15% თბილისს.

„განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო – სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში – 2, მცხეთა მთიანეთში -1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა წყაროები ცნობილია.

„თბილისში 15%-ია მხოლოდ. ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ ვართ. ვფიქრობ, რომ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა, ამდენად ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და პროცესი შეჩერდება. ინფიცირების წყაროები ცნობილია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.