ლუკაშენკო ვალდებულია, უარი თქვას პრეზიდენტობაზე – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ნებაყოფლობით უნდა წავიდეს.

“ცალსახაა, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს; მიმდინარე საპროტესტო აქციები პრეზიდენტის ძალაუფლების კრიზისის მაჩვენებელია”, – ამბობს მაკრონი.

“ეს არის ძალაუფლების კრიზისი, ავტორიტარული მთავრობისა, რომელიც ვერ მიიღებს დემოკრატიის ლოგიკას და იმართება ძალმომრეობით”, – ამ სიტყვებით აღწერა მაკრონმა ბელარუსში არსებული სიტუაცია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.