მამაკაცმა მცხეთის ქუჩაზე იარაღის მუქარით დაკეტილ “სპარში” სიგარეტის ყიდვა სცადა

წუხელ თბილისში,  მცხეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მამაკაცი “სპარში” შეჭრას ცდილობდა.  მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

უწყების  ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, 151-ე მუხლი კი, მუქარას ითვალისწინებს.

newsreport.ge-სთვის ცნობილი გახდა რომ დაკავებული 37 წლის მამაკაცი ნიკოლოზ შარაშიძეა, მისი მეგობრები მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ირკვევა ნიკოლოზ შარაშიძეს მაღაზიაში სიგარეტის ყიდვა უნდოდა რაზეც გამყიდველებმა უარი უთხრეს, იმის გამო რომ მაღაზია უკვე დაკეტილი იყო. ამბობენ იმასაც რომ მას თან ნამდვილი იარაღი არ ჰქონიდა ე.წ. “სტარტოვკით” იმუქრებოდა.