“მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის“– ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ახალი კორონავირუსის სამედიცინო სფეროზე და მთელ მსოფლიოზე კოვიდ 19–ის გავლენაზე წერს:

“ოცი წელია საოპერაციოს ინტენსიურ ცხოვრებას მივყვები და არ მახსენდება ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პაუზა აეღო ქირურგიულ გართულებებს. დადუმდა ღამის საოპერაციო განრიგი. თითქოს მიიძინა ყველა სხვა ტკივილმა და დარჩა მხოლოდ ერთი შიში. ინტერნეტ სივრცით გაერთიანებულმა მსოფლიო გონმა ერთნაირად გადაანაწილა ეს ახალი შიში და ყველას გონებაში ახალი, მძლავრი ცენტრი წარმოიქმნა, რომელმაც გადაფარა ყველა სხვა ნეგატიური ტალღა.

სწორედ ეს არის ერთი ლოგიკური ახსნა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მკვეთრად იკლო არაკოვიდ კლინიკურმა მიმართვებმა. ტვინი მართავს ყველა დაავადების მიმდინარეობას და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა პრობლემის სათავეცა და დასასრულიც ჩვენივე გონებაშია. მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის; თან უმსუბუქესად მიდის, თან უმძიმესად; თან ადვილი სამართავია, თან უსაშველოდ ძნელი; თან თითქოს ლოგიკურია, თანაც საოცრად ალოგიკური. კომპიუტერული ვირუსიცაა კორონა; მსოფლიოს გაერთიანებული ვირტუალური გონების ვირუსი. თანამედროვე მსოფლიოს განვითარების არაერთ საოცარ ალოგიკურობაზე გააკეთა აქცენტები კოვიდმა.

პლანეტის წამყვან ქვეყნებში, რომელთა კლინიკებში ურთულესი ქირურგიული ოპერაციები კეთდებოდა, დღეს იაფფასიანი ნიღბების რესტერილიზაციის გზებზე ფიქრობენ და ეძებენ. გაყოყოჩებული მსოფლიო უცებ უმწეო ბავშვივით დაეცა ზურგზე და დაიბნა, წამოდგომა უჭირს; ვერც კი ხვდება რა სჭირს. მსოფლიოს ცნობიერი გაითიშა და წინა პლანზე პრიმიტიული ქვეცნობიერი გამოვიდა, ყველა აშვებული დემონის, ზიზღის, სიძულვილისა და სისასტიკის აფეთქებებით. მიზანი მხოლოდ ერთია, ცხოველური შიშის გადაფარვა. ამ შიშმა ხომ ყველა სხვა შიშის დათრგუნვაც მოახერხა უკვე რამდენიმე თვეა.

მსოფლიო გონი ეძებს გზებს ბალანსის აღსადგენად. სწრაფად უნდა დაიბრუნოს ცნობიერმა თავისი შემაკავებელი გავლენა, თორემ პრიმიტივიზმისაკენ მიექანება პლანეტა ფიზიკურადაც და სულიერადაც.“– წერს ფეისბუქზე ზურაბ გურული.