მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, სავარაუდოდ შემდეგი მგზავრებისთვის

მარნეულის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პირბადეების ტარებაა. რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი უკან დაბუნება მოსთხოვა. სავარაუდოდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

„მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“ – თქვა რადიო მარნეულთან საუბრისას მგზავრმა.

ჩვენ N1 და N2 სატრანსპორტო კომპანიის შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორს იური სამხარაძეს დავუკავშირდით. ფაქტი დაგვიდასტურა და თქვა, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.

„ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დამღალეს უკვე მძღოლებმა. ვესაუბრე მათ და ხვალიდან მგონი ყველაფერი წესრიგში იქნება“ – თქვა იური სამხარაძემ