მასობრივი ფრენების კონტროლის ბერკეტი არ გვაქვს. რეგულარული ფრენები გადავდეთ – თურნავა

ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოში რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე არ აღდგება. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, მასობრივი ფრენების შემთხვევაში სახელმწიფოს კონტროლის ბერკეტები არ გააჩნია.

თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადაიწია, ჩარტერული ფრენები სულ მცირე სამი მიმართულებით შენარჩუნდა. ესენია ვენა, ამსტერდამი და ისრაელი. ფრენებს  “აირზენა” შეასრულებს.

თურნავა ამბობს იმასაც, რომ ფრენის პროცესის თვითდინებაზე მიშვება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დათმობას ნიშნავს. ამას კი, მისი აზრით, საზოგადოებაში არავინ მოიწონებს.

“ფრენის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით, შეთანხმებით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ეპიდემიოლოგიურად, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება სტიქიური პროცესი. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ ეფექტიანად ვმართეთ კოვიდ ინფექცია, ეს გამოწვევა და დღეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი ვართ, რასაც აქამდეც ვამბობდით,“ – ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1-ელი ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.