მაშტაბური ნგრევა და მსხვერპლი– ინდოეთში წყალდიდობას ებრძვიან

ინდოეთის დასავლეთით სამაშველო სამსახურების მაშველები შენობების ნანგრევებში მაშტაბური წყალდიდობების შედეგად დაკარგულებს ეძებენ. წყალდიდობებმა გოას და მახარაშტრას შტატები წალეკა. მახარაშტრაში სტიქიას 136 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის.

სტიქიური უბედურების რაიონებიდან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული.

გოას შტატში, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარულია, წყალმა სახლები დატბორა. დანგრეული ან დაზიანებულია ათასობით შენობა. ბომბეის გარეუბნებში ათობით ადამიანია დაკარგული.

ძლიერი წვიმების სეზონი ინდოეთში ყოველ წელს ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა, გოას შტატში დიდი ხანია ასეთი ძლიერი წყალდიდობა აღარ ყოფილა.

შტატის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ასეთი ძლიერი წვიმები გოაში 50 წელია აღარ ახსოვთ. “ადამიანებმა პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს‘– ამბობს ის.

სოფელ ტალიიეში, ბომბეის სამხრეთით ტალახის მასამ ათობით შენობა რამდენიმე წუთში დაანგრია. გადარჩა მხოლოდ ორი ბეტონის სახლი. შედეგად 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დატბორილ რაიონებში მსგავსი რვა მეწყერი ჩამოწვა. ერთ–ერთის გამო მატარებელი რელსებიდან გადავარდა.

მეწყერების მიერ გზების ჩახერგვის გამო მაშველები დაშავებულებამდე ძნელად აღწევენ. დაბლოკილია გოასა და ბომბეის შორის მთავარი ტრასაც. მაშველები მის გაწმენდას ცდილობენ.

მახარაშტრას შტატში დიდი მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლას ელიან. დაბლობებიდან ევაკუირებულია ასიათასამდე ადამიანი. 20 ათასი ბანაკებში დააბინავეს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ მისთვის მტკივნეულია მისი მოქალაქეების ტკივილის და დაღუპვის ყურება.