მაჩუქეს iPhone 12 Pro, რა ვქნა ახლა, გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო? – მეუფე ნიკოლოზი

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ ქვეყანაში ბავშვების შიმშილობის ფონზე მეუფე არ უნდა საუბრობდეს ძვირახღირებულ მანქანაზე, მათ შორის ტელეფონზე, კუმურდოსა და ახალქალაქის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ასე პასუხობს:

“ტელეფონი მაჩუქეს. მე რა უნდა ვქნა. აი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ ტელეფონს, ეს არის iPhone 12 Pro. მე რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ეს ფული გლახაკებს დავურიგო?! ამაზეა ლაპარაკი?” – ამბობს მეუფე რუსთავი 2-ის ეთერში.

საკუთარი სიტყვების გასამართლებლად მეუფე სახარებას იხსენებს.

“აი ზუსტად ასეთი კითხვა პირველად გაიჟღერა, სახარებაში არის ეს აღწერილი, როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს და რატო არ გაიყიდა ეს და რატო არ დაურიგდა ეს გლახაკებს. ხოდა გლახაკების დარდი კი არ ქონდაო ვინც ეს კითხვა დასვა, ალბათ ხვდებით იუდაზეა ლაპარაკი, ეს ფული იმას ებარაო და ვერცხლის მოყვარე იყოო”, — ამბობოს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფის თქმით, ახალი ტელეფონით უკვე რამდენიმე კარგი ხარისხის ფილმი გადაიღო.

“რაც შეეხება ამ ტელეფონს, ეს ტელეფონი მე პირობა, თითქოს პირობა გამომივიდა არაფერი პირობა მე არ მაქ დასადები, მაგრამ უკვე რამდენიმე ფილმი გადავიღე კარგი ხარისხით, ამ კარგ ხარისხს მნიშვნელობა აქვს რა როგორც ამბობენ”, — ამბობს მეუფე.

მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ადამიანი ვინც მას დახმარება სთხოვა და ამაზე უარი მიიღო.