მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა – გუბაზ სანიკიძე ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაზე

“მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა” -გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“მე ჩემი ვერსია მაქვს, შეგიძლიათ დაარქვათ აჩემებაც, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ „ქართული ოცნების“ მესვეურებს და მის თავკაცს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია.

მე მგონია, რომ ეს თვითონ ხელისუფლებამ დაგეგმა. ბევრი რამე ადასტურებს ამას პირდაპირ და ირიბად. მაგალითად, ის რომ თავდამსხმელი ძალიან არხეინად გრძნობდა თავს, მას არ ჰქონდა საფრთხის შეგრძნება. ის ხელყუმბარა ნამდვილი იყო თუ რა ეს კიდე ცალკე თემაა, 7 საათი გახსნილი ხელყუმბარის დაჭერა, ჰერკულესი რომ გააცოცხლოთ, იმას არ შეუძლია, ხელის მტევანი ამას ვერ უძლებს, ასეთ დატვირთვას.

შემდეგ ის, რომ 7 საათის განმავლობაში არაფერი არ ხდებოდა, დაბნელდა მერე და გაუშვეს ეს ადამიანი, აბსოლუტურად წინააღმდეგობის გარეშე, დევნაც არ განახორციელეს და როგორც ჩანს, საერთოდ სახლამდე მიაცილეს, ჭიშკრამდე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.