მელია: კრიზისი მოლაპარაკებით განიმუხტება, აბა, ჯაბა იოსელიანივით ხომ არ მოვიქცევით?!

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კრიზისი მოლაპარაკებით დასრულდება.

“მოლაპარაკების იდეა უნდა იყოს. ეს კრიზისი როგორც არ უნდა განვითარდეს, მოლაპარაკების მაგიდაზე განიმუხტება ადრე თუ გვიან. აბა, ახლა ჯაბა იოსელიანივით ხომ არ მოვიქცევით, იქ იქნება ბოლო გაჩერება”,– ამბობს ის ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, თუ პროკურატურას უნდა, მელია გირაოთი გათავისუფლდეს, მან სასამართლოში შუამდგომლობა უნდა წარადგინოს.

მელია აღნიშნავს, რომ კობახიძის და ქართული ოცნების სხვა წევრების განცხადებებს არ გამოეხმაურება, რადგან “გარდაცვლილებზე არ საუბრობენ”.

“კობახიძეზე, გარდაცვლილებზე არ საუბრობენ, როგორც ძველთა ძველი შეგონება გვეუბნება. ეს შეგონება პოლიტიკურად გარდაცვლილ ადამიანებსაც ეხებათ. არაფერს არ წარმოადგენენ ეს ადამიანები, ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეები. მაპატიეთ, მაგრამ არ ვუპასუხებ ამ ადამიანებს, რადგან ისინი არ არსებობენ, როგორც პოლიტიკური ფიგურები. ისინი არიან დაქირავებული ხალხი ძალიან მდიდარი ადამიანების მიერ. მორჩა – გათავდა”,– ამბობს ნიკა მელია.