მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა – ცქიტიშვილი

უმრავლესობის ყოფილი და პარლამენტის მოქმედი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველების აქტიურობას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება საქართველოში ჰომოფობიის დამარცხების კუთხით. მისი თქმით, ოდესღაც თვითონაც იყო ჰომოფობი, თუმცა დაძლია და სხვებიც დაძლევენ, რადგან განკურნებადია.

,,მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ზუსტად ჰომოფობია იქნება მარგინალური და დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება”,- თქვა ცქიტიშვილმა

მისი თქმით, ქვეყანა ბოლო ათწლეულებში ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან განვითარდა და ახალ თაობას სწორი დამოკიდებულებები აქვს.

“განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის მათში ძალიან ბევრს აქვს სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების მიმართ. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ უთანასწორობა ცხოვრებას შეეწინრნენ”, – თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა ონლაინაქციაზე.

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ლგბტ თემის წევრებმა და უფლებადამცველებმა ონლაინაქცია გამართეს.