“მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ” – ივერი მელაშვილის ემოციური სიტყვა სასამართლოზე

ივერი მელაშვილის ემოციური გამოსვლა სასამართლო პროცესზე – ბრალდებული ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებას არ შეეგუება და ვერც ციხე გატეხს.

“მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესებით მიცხოვრია. რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის დაკავების შესახებ განჩინება და ბრალის დადგენილება. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ შედგენილია და აწყობილია დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.

რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის…. სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე, ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში, მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით… ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.

მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია” – განაცხადა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.”

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.