მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა, 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი-უგულავა

მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი “,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

„მეუბნებიან, რომ თურმე ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი. მე როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, როგორც მოქალაქემ დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი. მოქალაქეებს დაუგვიანეს რეისი, იმის გამო, რომ ჩემს ჩემოდანს უკნიდან მოათრევდა ნახევარი აეროპორტი. ესაც არის კლასიკური „ქოცობა“. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გავხსნათ ცა, ადამიანებს მიმოსვლის, ლუკმაპურის და ამოსუნთქვის შესაძლებლობა მივცეთ, ვხედავთ, რომ ყველაფერი იკეტება. ამ დაკეტილშიც კი კანონიერი უფლებების რეალიზაციას ვერ ახდენს ადამიანი. მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი, არც ამაშია საქმე. უბრალოდ ახლა მეუბნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი უთავბოლობაა, დაგვავიწყდა თქვენი გვარის ამოღება“,-განაცხადა უგულავამ.