მივმართავ პარტიებს, დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პარტიებს მოუწოდებს, დაძაბულობა ხელოვნურად არ შექმნან.

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”,– წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში ანტიტერორისტული ღონისძიებები მიმდინარეობს. თავდამსხმელს საქართველოს ბანკში 16 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.