ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მეუფეებს და მღვდელმთავრებს გაძლიერებულად ლოცვას თხოვს. ასევე, მისი თხოვნაა, მათ მრევლს მოუწოდონ, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.

„ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან”,- ამბობს კალაძე.

ის ასევე აღნიშნავს, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა.

,,დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც”,- ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. გარდა ამისა, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.