მოაქციეს ალყაში, დაზიანების მიყენებისთანავე არაგვში ჩაახრჩვეს ბავშვი და გაატანეს მდინარეს – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე 19 წლის ფეხბურთელის მოკვლის ახალ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, ჩვენებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სცემეს, დაახრჩვეს და წყალს გაატანეს.

“იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა, ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი ამბობს, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. გამოჰყვნენ ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, მდინარე არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს დინებას”. – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.