“მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი“–აშშ–ს სენატორების და კონგრესმენების განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისის ძალადობრივი დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ–ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის,  ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინის და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის და დემოკრატ ჯერი კონოლის განცხადებაშია ნათქვამი. ორპარტიულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

“საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ძალადობრივი რეიდის შედეგად, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაკავების შესახებ ფუნდამენტურად შემაშფოთებელია.  საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.