მოვუწოდებ პასუხისმგებელ ორგანოებს შეისწავლონ ყველა დარღვევა, განიხილონ ყველა საჩივარი რომელიც ოპოზიციამ წარადგინა – კუბილიუსი

“მოვუწოდებ პასუხისმგებელ ორგანოებს შეისწავლონ ყველა დარღვევა, განიხილონ ყველა საჩივარი რომელიც ოპოზიციამ წარადგინა”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, სოფო ზურაბიანის გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. მან შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები შეისწავლონ და ყველა საჩივარი განიხილონ, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა.

“მოვუწოდებ პასუხისმგებელ ორგანოებს, საარჩევნო კომისიებს, შეისწავლონ ყველა დარღვევა. ყველა საჩივარი უნდა განიხილონ, რომელიც იყო წარმოდგენილი ოპოზიციის მიერ”, – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი, დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას.

“ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, რომელსაც ვხედავთ. ოპოზიციური პარტიები ჩივიან, რომ ბევრი დარღვევა იყო არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები ვაკვირდებით პროცესებს. პირველ რიგში იმას, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა რა განაცხადეს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ იყო კონკურენტული გარემო, მაგრამ იყო ასევე ბევრი დარღვევაც. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, დიალოგის გზით იარონ ამ გამოწვევის დასაძლევად”, – განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თუ შეგვიძლია რაიმე დახმარება გავუწიოთ საქართველოს, რათა უფრო მეტად შემოვიტანოთ დიალოგის კულტურა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს, რათა გაამარტივონ ეს დიალოგი. დიალოგი გახლავთ ერთადერთი გზა საქართველოსთვის და პოლიტიკური საზოგადოებისთვის, რათა დაძლეული იქნას ეს პოლიტიკური კრიზისი”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.