მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლებისა და ბაზრობების გახსნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

მისივე თქმით, მათ ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს, რათა ობიექტებმა რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

თუმცა ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები“,- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მთავრობის ეკონომის გახსნის გეგმის მიხედვით, მოლები მეოთხე ეტაპზე გაიხსენება, ხოლო დახურული ტიპის ბაზრობები მეხუთე ეტაპზე.