მორაგბის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს

მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რამ გამოიწვია ინციდენტი, რომელსაც დაჭრა მოჰყვა.