მოქალაქეობა არალეგალებისთვის და გამარტივებული პროცედურები საზღვარზე – აშშ მიგრანტებს კარს უღებს

აშშს საზღვარი უკვე გადალახეს თავშესაფრის მაძიებელთა ჯგუფებმა ათეულ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მექსიკის ტერიტორიაზე ელიან. ბევრი პირდაპირი გაგებით გამყოფ კედელთან ათენებს ღამეს და იმედი აქვს, რომ ბედი მასაც გაუღიმებს.

ეს არის პირველი ეტაპი რადიკალური საიმიგრაციო რეფორმისა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოიწყო. რეფორმამ ბოლო უნდა მოუღოს ტრამპის პროგრამას, რომლის თანახმად აშშ–ში თავშესაფრის მიღების მსურველები იძულებულნი იყვნენ რამდენიმე თვე მექსიკაში დალოდებოდნენ სასამართლო მოსმენებს.

ამიერიდან ამერიკის ხელისუფლება მექსიკის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმუშავებს. მიგრანტებს ვირტუალურ რეგისტარციაში, კორონავირუსის ტესტის გაკეთებასა და საზღვრის გადალახვაში დაეხმარებიან. საქმის განხილვამდე აშშ–ში გადასვლას და განხილვის დასრულებამდე ამერიკის ტერიტორიაზე დარჩენას მხოლოდ ის მიგრანტები შეძლებენ, ვინც ოფიციალური პროცედურა დაიწყეს.

გასულ კვირას აშშ–ს ახალმა პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამაზე ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვას. ხუთშაბათს კი დემოკრატებმა გამოაქვეყნეს კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის გეგმას ეხება შტატებში უკვე მცხოვრები 11 მილიონი უსაბუთებო იმიგრანტისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.