ნავალნი საქართველოსთან მიმართებით იმპერიალისტი, პატარა პუტინია – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წარმატებებს უსურვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის საქართველოსთან მიმართებაში “პატარა პუტინია”.

“ნავალნის შესახებ: დღეს იგი პუტინმა დაიჭირა, მას შემდეგ რაც ვაჟკაცურად არ შეუშინდა და ჩავიდა რუსეთში. იგი დღეს პუტინს ებრძვის და მისი ქმედებები მიმართულია ამ რეჟიმის მხილებისა და დამარცხებისაკენ.

ამიტომ ამაში მას წარმატებას ვუსურვებ, ისემც უქნიათ რო აირიონ და თავისი თავის გარდა სხვა ვერავინ გაახსენდეთ! ამავდროულად ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც არის პუტინიც. “პატარა პუტინია”,– წერს ბარამიძე.

მისივე შეფასებით, ნავალნი არ არის საღადმოაზროვნე, პატიოსანი ადამიანი.

“ამიტომ როგორც ქართველი პატრიოტი, იგი ჩემთვის არა თუ კარგი პოლიტიკოსი არაა, არამედ არც ცივილიზირებული და საღადმოაზროვნე პატიოსანი ადამიანიც კი არაა და მას წარმატებას მხოლოდ პუტინის რეჟიმის დაშლაში ვუსურვებ და არა იმაში, რომ მან იგი (ღმერთმა დაგვიფაროს და) ხელისუფლებაში ჩაანაცვლოს.

თუ ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოზიციას შეიცვლის და ცივილიზირებული, ანუ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო პატივისცემის პოზიცია ექნება მომავალში, მეც ამის შესაბამისად შევიცვლი მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას”,– აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს გენერალური შტაბის დაბომბვას, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ის აეროპორტშივე დააკავეს.

ის 2020 წლის აგვისტოში “ნოვიჩოკის” ნერვული აგენტით მოწამლეს, მკურნალობის კურსს კი გერმანიაში გადიოდა.