ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხვალ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხვალ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან.

მისი თქმით, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ადგილზე კომპანია ენკას მშენებლობაში ხელი შეუშალონ.

“გადაწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს და ამის შემდეგ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება იმისა, რომ ისარგებლონ იმით, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ. პროცესი აბსოლუტურად ნათელია ყველასთვის იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც მათ შორის, დღეს გამოვლინდა”,– აცხადებს გოლეთიანი.