ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები – კალაძე არჩევნებზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდა, თუმცა იყო ხარვეზები.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი.

მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები.
იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება”,– წერს კალაძე.

ოცნების გენ. მდივანი აცხადებს, რომ ხარვეზები მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა გამოასწოროს.

“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს”,– ამბობს ის.

კალაძე ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.