ნატო არ ჩქარობს უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის შიშით–ალექსანდრ ვერშბოუ

ნატო არ ჩქარობს შესთავაზოს უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, რაც ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების შიშით, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ კიევის ფორუმზე, ონლაინ-დისკუსიის დროს განაცხადა.

„ნატოს წევრები გამუდმებით იმეორებენ 2008 წელს მიცემულ დაპირებას, რომ უკრაინა და საქართველო მომავალში გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ ალიანსის წევრებს არ აქვთ წინსვლის განსაკუთრებული სურვილი, რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების შიშის გამო“, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ 15 მაისს. მისი სიტყვები მოჰყავს უკრაინულ გამოცემა “ევროპეისკაია პრავდას”.

მანამდე, ამავე კიევის ფორუმზე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ, აღნიშნა, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ნატოსგან, რომ შეასრულოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოცემული დაპირება გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან დაკვშირებით და მოელის, რომ ივნისის სამიტზე ნატო თავის განცხადებაში გზას გაუხსნის ამ გეგმის მიღებას.

“გავიდა უკვე 13 წელი ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც გადაწყდა, რომ უკრაინას და საქართველოს მომავალში შეთავზებდნენ გაწევრიანებას. და ახლა ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, რომ მოვითხოვოთ ამ დანაპირების შესრულება”, – განცხადა 15 მაისს სტეფანიშინამ.

აპრილის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და ასევე ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ „დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატოს“ მიიჩნევს.

„ბატონო სტოლტენბერგ, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, – ტვიტერის საშუალებით ასეთი მესიჯით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

პარტნიორი ქვეყნისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს კონსენსუსით წყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები. უკრაინა და საქართველო მთავარი „საგზაო რუკის“ – გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) – მიღებას 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის დროიდან ელიან.

წყარო: რადიო თავისუფლება