“ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს” – გორის მერიის სააგენტოს უფროსი ბაჩალიაშვილის დედაზე

გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი შმაგი ხუბულური გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ფოტოს აზიარებს და წერს : “როგორც ჩანს ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…”.

მან Facebook-ის პირად გვერდზე თამაზაშვილის აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული ფოტო გააზიარა.

გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ქვათაძე ადასტურებს, რომ შმაგი ხუბულური ნამდვილად გორის მერიაში მუშაობს. ხუბულურის ფეისბუქიდან ირკვევა, რომ ის მანამდე გორის მუცინიპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში მუშაობდა.

ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად შმაგი ხუბულურსა და გორის მერიას.

ცნობისთვის, გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ–ს საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ს გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.