ნებისმიერ ტელევიზიაში, გამოდით, ნუ იმალებით – მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს დებატებში იწვევს

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

როგორც იგი ამბობს დებატების მიზანი უნდა იყოს არა იმის ჩვენება, ვინ ვის აჯობებს, არამედ ის, რომ მოსახლეობამ “გადარჩენის გზა” დაინახოს.

“ვიცით, როგორ ვმართოთ კრიზისი. ჩვენ ვიცით, როგორ დავასრულოთ ლარის ვარდნა და როგორ დავასტაბილუროთ ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, როგორ შევუნარჩუნოთ ქართულ ბიზნესს და მასში მომუშავე ათასობით ადამიანებს სამუშაო ადგილები. ამიტომ მოგმართავთ ქართული ოცნების თავმჯდომარევ, ბიძინა ივანიშვილო – ნებისმიერ საჯარო ადგილას, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენ მართულ ტელევიზიებში, გამოდით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მანვე აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ისედაც დრამატულად შეუმცირდა შემოსავლები.