ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მძარცველი, ვინმე ბადრი ესებუაა. ამის შესახებ მან “მთავრი არხის” სპეციალურ გამოშვებაში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.

“სპეცოპერაცია ჩატარდა და დასრულდა წარუმატებლად, ალყაში მოქცეული ტერორისტი თუ, რაც გნებავთ ის დაარქვით, შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლების ამყვანი და ასე შემდეგ, გაექცათ. მე ვუთხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივწერე ქალბატონ გიორგობიანს და ვუთხარი, რომ მე მეტი ინფორმაციას ვერ შევინახავდი, თუ რამე გაქვთ ახლა სათქმელი მითხარით, თუ რამე პრობლემატურია იმაში, რომ გამოვალ და დავილაპარაკებ. ასე წერია მანდ – ვიცი, რომ ესებუა გაგექცათ”, – დიახ, ესებუა გაექცათ. – ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, მძარცველი ბადრი ესებუა 1988 წელს დაბადებულია და მუშაობს სენაკის მეორე ბატალიონში, იქ სადაც “ვითომ მძევალი” დავით ხვიბლიანი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ  ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს.

ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა მოლოდინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ გვარამიას მიერ დასახელებული ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება:

“მთავარი დეზინფორმაციული სამსახური განაგრძობს სიცრუის გავრცელებას! გვარამიას მიერ დასახელებული სახელი და გვარი ბადრი ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე!“– წერს ნიკა მოლოდინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  “მთავარი არხის” ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.