“ნუ გეშინიათ, მძიმე გრიპია, მაგრამ უსაშველოც არ არის“–ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსი ოჯახთან ერთად გადაიტანა

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, ზაზა მესხი, რომელმაც ოჯახთან – ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად კორონავირუსი გადაიტანა, მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება დაავადების შესახებ. მან ერთი თვე იზოლაციაში ოჯახთან ერთად, საკუთარ სახლში გაატარა და ახლა საბოლოოდ განკურნებულია. ის ფიქრობს, რომ ოჯახს ვირუსი მან გადასდო.

 

“თებერვლის ბოლო კვირას თავს ვგრძნობდი შეუძლოდ. ენერგია საერთოდ არ მქონდა. სიცხე არ მქონდა, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი. 1 მარტს უკვე მაღალი სიცხე, ციება სუნთქვის ცოტა გართულება, მშრალი ხველა, მერე რაღაც დაემატა, კუჭის აშლილობა თირკმლის არეში ტკივილი .შვიდი–რვა დღე მქონდა სიცხე. სამი დღე ორმოცამდე, ორმოცზე მეტიც. განცდა იყო თითქოს ტროპიკული ციება იყო.  თავიდან ჩემს ცოლს დაეწყო სიცხე, მერე მე, მაგრამ მე მგონია რომ ჩემი შემოტანილი იყო ოჯახში. ორი დღის შემდეგ ორ ბავშვს, მერე 5 დღის შემდეგ  კიდევ ორ ბავშვს. ასეთი დინამიკა იყო.

სამ ფაზად დავყოფდი ამ დაავადებას:  პირველი ფაზაა იყო, სანამ სიცხე ამიწია, ერთი კვირა შფოთვა და დაღლილობა. მერე შვიდი– რვა დღე იყო მაღალი სიცხე და ციება, მესამე ფაზა, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა იყო უსაშველო ხველება და გულმკერდზე დაწოლა, რომ ბოლომდე ვერ ამოისუნთქავ. მერე ნელ–ნელა სიმშრალე გადავიდ, ნახველი წარმოიქმნა. ყველას სხვადასხვა რამე აგვტკივდა. ჩემს მეუღლეს კუჭის ტკივილი დაეწყო, მე თირკმლის ტკივილი დამეწყო. პატარებმა ყველაზე იოლად გადაიტანეს. ჩემს მეუღლეს ძლიერი თავის ტკივილები ქონდა. კიდევ ერთი მახასიათებელი იყო, რომ გემო გაქრა საერთოდ. ყნოსვას და გემოს ვერ ვარჩევდი.“– ამბობს ზაზა მესხი.

მან და მისმა ოჯახმა დაავადება სახლში გადაიტანეს და ერთმანეთს თვითონ უვლიდნენ. მისი თქმით, ჰოლანდიაში არჩეულია სტრატეგია, რომ სამედიცინო ცენტრებს ხალხის მოზღვავება აარიდონ.

“ გამოკითხვა ხდება სტანდარტული კითხვებით და თუ ასკვნიან, რომ შენი მდგომარეობა მძიმე არ არის და რისკ ჯგუფში არ ხარ, რაც არ უნდა მაღალი სიცხე გქონდეს საავადმყოფოში არ გადაყავხარ.

ცდილობენ მაქსიმალურად განტვირთონ საავადმყოფოები და პოლიკლინიკები. ასე ხდება ჰოლანდიაში, გერმანიაში,  რომ იტალია არ განმეორდეს.

მინდა ხალხს ვუთხრა რომ ნუ გეშინიათ, მძიმე გრიპია, არ არის სასიამოვნო,  მაგრამ უსაშველოც არ არის. მთავარია არ იყოს პანიკა. არაფერ წამალს არ ვიღებდი, არც მე და არც ჩემი ოჯახი,  ინჰალაციას ვიკეთებდი და პარაცეტამოლს ვიღებდი. ჩემ გოგონას პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკური მკურნალობა დაუნიშნეს.

მთავარი და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ეს არის პანიკა. ეს ავადმყოფობა მიდის როგორც მძიმე გრიპი. დარჩით სახლში, ნუ დაატერორებთ ექიმებს, დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს და გადაივლის.და დაიცავით ხნიერი ხალხი.“– ამბობს ზაზა მესხი.