ოზონის ხვრელმა ანტარქტიკის თავზე შემცირება დაიწყო, რაც დედამიწაზე ამინდის ცვლილებას იწვევს

ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი, რომლის წარმოქმნას ეკოლოგები დედამიწაზე ადამიანის მავნე ზემოქმედებით ხსნიან, თანდათანობით პატარავდება.

ამას კი კორექტივები შეაქვს ატმოსფეროს ცირკულაციაში.

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ანტარა ბანერჯი და მისი კოლეგები თანამგზავრული დაკვირვების და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით წინასწარმეტყველებენ, როგორ იმოძრავებს ჰაერის ნაკადები მას შემდეგ, რაც ოზონის ხვრელი თანდათანობით დაპატარავდება.
მისი დაპატარავება 1987 წლის მონრეალის პროტოკოლის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომელმაც აკრძალა ისეთი ნივთიერებების წარმოება, რომლებიც ოზონის შრეს ანადგურებენ(მაგალითად ქლორფტორნახშირბადები).

2000 წლამდე ჰაერის ნაკადების სარტყელი, რომელსაც საშუალოგანედურს, ანუ ტროპიკულ ნაკადურ დინებას უწოდებდნენ, სამხრეთ ნახევარსფეროდან თანდათანობით სამხრეთ პოლუსისკენ ინაცვლებდა. მეორე აღმოსავლური ტროპიკული დინება, რომელსაც ჰედლის უჯრედს უწოდებენ და რომელიც სხვა პროცესების გარდა პასატების და ქარიშხლების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი, თანდათანობით ფართოვდებოდა.
ბენერჯიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ორივე პროცესი შეჩერდა და უკუსვლაც დაიწყო. ასეთი ცვლილება კი კლიმატის შემთხვევითი ცვალებადობით არ შეიძლება აიხსნას. ისინი ოზონის ხვრელის შემცირების პირდაპირი შედეგია.

ნაკადური დინებების ცვლილებამ შეიძლება ამინდის ცვლილებები, გლობალური ტემპერატურის ცვლილება და ოკეანეების მარილიანობის ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

ამგვარად, როგორც ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი, მარტინ ჩიპერფილდი ამბობს, ოზონის ხვრელის აღდგენის თვალსაზრისით “შემობრუნების მომენტი დადგა.“

ამასთან, ჩიპერფილდი მიუთითებს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, კლიმატური ცვლილებების რა ასპექტზე ახდენს გავლენას ოზონის ხვრელი, რომელმაც აღდგენა დაიწყო და რომელ პროცესებზე ახდენს გავლენას ნახშირორჟანგის გამოყოფა, რაც კვლავ გრძელდება.

ბენერჯის თქმით ოზონის ხვრელი სხვადასხვა სიჩქარით აღდგება, ატმოსფეროს მონაკვეთიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებზე 1980 წლის მდგომარეობას ის 2030 წლისთვის მიაღწევს, სამხრეთ ნახევარსფეროში ამას 20 წელი დაჭირდება, ანტარქტიკის თავზე კი იმავე დონეზე აღსადგენად მას დრო 2060 წლამდე დასჭირდება.