ოზურგეთის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა – ენტეროვირუსის ნიშნებით 80-მდე ბავშვი მკურნალობს

ოზურგეთის ბაღებში 80–მდე ბავშვს ენტეროვირუსის ნიშნები აქვს. ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა და 15 ოქტომბერს განახლდება.

“შაბათს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 1. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება”, – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.