ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. ის ამ წუთებში ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

ის ცხინვალის ციხეში 86 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებზე გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებოდნენ.

მას ე.წ. სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მღებრიშვილს სასჯელის ვადა 10 დღეში ეწურებოდა.