ოპოზიციამ აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმებულიყო – კახაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, ოპოზიციამ აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმებულიყო.

„გულსატკენია ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცამ მოისურვა ამ სიტუაციის დამძიმება ხელოვნურად და პირდაპირ დასვა ამ არჩევნების ჩარჩოზე. გული მტკივა, მაგრამ ოპოზიციურმა ფრთამ, დემონსტრაციებით და აქციებით ყველაფერი გააკეთა, რომ სიტუაცია დამძიმებულიყო, რამეთუ მათ იცოდნენ რეკომენდაციების დონეზე, რომ თავყრილობები არასასურველია, რომ შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ ამ დაავადებამ თავისი ფრთები გაშალოს. მაგალითიც გვაქვს უკვე”,- ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, ადამიანები პირბადის გარეშე ერთმანეთის გვერდით “ჯიუტად” იყრიდნენ თავს, შემდეგ სხვადასხვა ადგილზე ბრუნდებოდნენ და პანდემია იქ ფეთქდებოდა.

“ამ თავყრილობებმა, დემონსტრაციებმა უწესრიგოდ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ინფიცირების რაოდენობა გაზრდილიყო. ინფიცირების წყარო გაძლიერდა არასწორი მოპყრობის გამო. ამბობდნენ გაზაფხულზე ეპიდვითარება აუფეთქდებათო – ისე იძახდნენ აუფეთქდებათო, თითქოს ჩვენ სხვები ვიყოთ. ეს არის მავნებლობა. არ ვერიდები ამ სიტყვას. ეს უმეცრებასთან ერთად მავნებლობაც არის. პოლიტიკურ სარჩულზე დაყრდნობილი მავნეობა ქვეყანას კარგს არ მოუტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ეპიდვითარების გაუარესებას ოპოზიციის აქციებს უკავშირებს მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და დიმიტრი ხუნდაძეც.