ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს.

ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

“შეუძლებელია, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვერავინ უკან ვერ დაახევიანებს. რეჟიმი ყველა ზღვარს გადავიდა – რა ბერკეტებს არ იყენებენ. გული მოგიკვდებოდა “რობოკოპებს” რომ ვუყურებდი, რომელთა დიდ ნაწილს იქ დგომა არ უნდოდა. თუ ვინმე გასათავისუფლებელია ის ხალხია, ვინც ძალოვანებში იმყოფებიან. ისინი ტყვეობაში არიან. სამართალდამცავები პირად დაცვად, სამართალდამრღვევებად გადააქცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პირადად მისთვის პატივია, რომ ივანიშვილი საკუთარ მოწინააღმდეგედ თვლის, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას.

“თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას – ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“, – მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური გამოსვლები სრულდება, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი არ აპირებს 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილოს.