“ოპოზიციის კაპიტულაციას ჰგავს” – ხვიჩია შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხზე

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმებულ 6 ჩარჩო საკითხს ოპოზიციის კაპიტულაციად აფასებს.

“ჩვენ არ მოგვწონს ის დოკუმენტი, რაც იქნა წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ ეს ჰგავს ოპოზიციის კაპიტულაციას, თუ ამას მოაწერენ ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ზოგადია შინაარსობრივად და ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განმარტავს თითოეულ პუნქტს ხელისუფლება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნა. მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ნუ დავიხევთ იმ პოზიციებიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა ფასილიტატორებთან”,– ამბობს ხვიჩია ტვ პირველის ეთერში.

მისივე განმარტებით, ქართულ ოცნებას არ ენდობა, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ეწეროს.

“თუ იტყვიან “მასშტაბური საარჩევნო რეფორმა”, იქ აუცილებლად უნდა ეწეროს დაბალი საარჩევნო ბარიერი, გამჭვირვალე არჩევნები, ერთი ნაბიჯით ცხადი უნდა იყოს”,– ამბობს ხვიჩია.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, ” ნუ დახურდავდებიან პატარ–პატარა საკითხებზე და პარლამენტში ნუ შეძვრებიან”.

ცნობისთვის, გუშინ ხელისუფლება და ოპოზიცია შარლ მიშელის შუამავლობით 6 საკითხზე შეთანხმდა, რომელზეც დიალოგი გაგრძელდება.