პარლამენტი ეფექტიანად ვერ იმუშავებს, თუ მასში ოპოზიცია არ მოხვდება – სერგეენკო

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, თუ პარლამენტში მხოლოდ მმართველი პარტია იქნება, ის არ იქნება ძლიერი და ეფექტიანად ვერ იმუშავებს.

„საწყისი წერტილი არის, რომ ზოგადადაც და არსებულ სიტუაციაშიც განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, ეს ყველაფერი ქვეყნის გადამრჩენია. პარლამენტი, თუკი მასში ოპოზიცია არ მოხვდება, არ იქნება ისეთი ძლიერი. არ არის ნორმალური, როდესაც პარლამენტში მხოლოდ პოზიციაა და არ არის ოპოზიცია. ასეთი პარლამენტი ეფექტიანად ვერ მუშაობს”,– ამბობს სერგეენკო პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, ახლა ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ პოლიტიკური “კომფორტისა და დისკომფორტის გამო მივიღოთ რბილი გადაწყვეტილებები”.

სერგეენკო აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ არის მოთხოვნა, ამიტომ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმდებიან.

“პოზიციამ თავისი შეთავაზება გააკეთა, ოპოზიციამ თავისი პოზიცია გამოხატა და გვაქვს მოლაპარაკება მედიაციის საშუალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა გაითავისებს იმას, რომ ჩვენ რეალურად ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა ორივე მხარის მიმართ წაყენებული მოთხოვნაა და არა მხოლოდ ხელისუფლების. ამის დაჯერებას მაძლევს, რომ რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მონახული, ის ფორმატი, რითაც ახლა მოლაპარაკებები მიდის და საერთაშორისო პარტნიორების ის დასკვნები, რომლებიც იქნა გასაჯაროებული“, – განაცხადა სერგეენკომ.