პარტიებს, რომლებიც მანდატებს არ ითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ – კობახიძე

ქართული ოცნების სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

„გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდნენენ პლენარულ სხდომებს. აღნიშნული პაკეტის მიხედვით, პარტიას, რომელსაც შეუწყდება საპარლამენტო მანდატები, ან რომელიც საპარლამენტო მუშაბაში არ ჩაერთვება სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას პარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.”,– თქვა კობახიძემ პრესკონფერენციაზე.

ის ოპოზიციის ბოიკოტს “საბოტაჟს” უწოდებს და ამბობს, რომ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

ამ დროისთვის საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს პარტია მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩს. გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის მანდატზე უარს ამბობს, თუმცა ელოდება, როდის შეიტანს იაგო ხვიჩია სიების განულების შესახებ განცხადებას. მისივე თქმით, თუ ხვიჩია ასე არ მოიქცევა, ის თავად მიმართავს პარლამენტს.