პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებით ოჯახის სიწმინდეს მიაყენა შეურაცხყოფა – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებით ოჯახის სიწმინდეს მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან რელიგიური რიტუალები ხელკეტად გამოიყენა სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ.

,,როგორც არქაული შამანები სივრცის გაწმენდას აკეთებდნენ, დღევანდელ დღეს კათოლიკოს პატრიარქმა დაარსა ოჯახის სიწმინდის დღე, ასე ჩაანაცვლა, რითაც ოჯახის სიწმინდესაც მიაყენა შეურაცხყოფა, იმიტომ რომ არ შეიძლება ლოცვა, მარხვა, რელიგიური რიტუალები გამოყენებული იყოს ხელკეტად ვინმეს საწინააღმდეგოდ. იყო ჩვენს ისტორიაში ასეთი უამრავი შემთხვევა”,- ამბობს ბასილ კობახიძე ტვ პირველზე.

მისივე თქმით, საპატრიარქომ შავი გაგების ჰომოფობია პატრიოტულ ჰომოფობიად გადააქცია, რითაც ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.

,,ყოფითი ე.წ. შავი გაგების ჰომოფობია ეკლესიამ გადააქცია რელიგიურ, პატრიოტულ ჰომოფობიად, რომელიც იმდენად გაავრცელა, რომ პოლიტიკოსები იძულებულები არიან, მიიღონ ამაში მონაწილება. საპატრიარქო ამით აკეთებს ძალაუფლების განმტკიცებას და საკუთარი მრელის დაშინებას, პანიკაში ამყოფებს მათ, რომ უმცირესობები ემუქრებიან როგორც ჩვენს ღირებულებებს, ისე ჩვენს სულიერ ცხოვრებას”,- განაცხადა ბასილ კობახიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, 2013 წლის 17 მაისის დარბევა ოფიციალურად საპატრიარქომ განახორციელა და არა მარგინალმა მღვდლებმა.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი აქცია დაშალა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.