პირველ რიგში სავაჭრო სექტორის გახსნას განვიხილავთ, შემდეგ სკოლებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა პირველ რიგში სავაჭრო სექტორის და განათლების სფეროს გახსნას განიხილავს.

“​ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, როგორც გახსნის ობიექტს, რადგან ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი და კარგი თანამშრომლობა სწორედ საახალწლო პერიოდში. შემდეგ სექტორად განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე შემდეგი სფერო… ან შეიძლება ერთდროულ სფეროდაც, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი, აქედან გამომდინარე,რა თქმა უნდა, არ მინდა დავასწრო მოვლენებს და შევქმნა მცდარი მოლოდინები. შემდეგი სფერო არის სწორედ განათლების სფერო”,– ამბობს ტიკარაძე ტვ იმედის ეთერში.

მისივე განცხადებით, რეგიონები დაყოფილი აქვთ წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებად, რის მიხედვითაც განათლების სექტორი ეტაპობრივად გაიხსნება.

“ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა კომპონენტს, ეს იქნება ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ კლასებად, შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად, ასევე პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვეტს განათლების სამინისტრო, სადაც არის საჭირო უშუალოდ ბავშვების კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართულები, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა, როგორც ბავშვის, ისე პედაგოგების” – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.