პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა “სპუტნიკ საქართველოს” წარმომადგენელია

პირი რომელმაც ადვოკატს სატელიტის კადრები მიაწოდა “სპუტნიკ საქართველოს” წარმომადგენელია – გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმ პირის ვინაობას ასაჯაროებს, ვინც მას სატელიტით გადაღებული ფოტოები გაუგზავნა. დავით ფურცხვანიძე არ ასახელებს კონკრეტულად საიდან მოიპოვა მან ჩანაწერები. მისი თქმით, მასალა კერძო საშუალებებიდან არის მოპოვებული.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე  

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ქართული კომპანია, Europe Studies Labor (ESL) Georgia, რომელმაც წიგნი “ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი” გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას.

2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორის, დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია “სპუტნიკ ტვ”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

მითების დირექტორის ცნობით, 2012 წლის სტატიაში, “საქართველოს და მსოფლიოს” დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად ჰყავს მოხსენიებული და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მასთან ინტერვიუ აქვს გამოქვეყნებული. ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული “ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის” და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ფურცხვანიძე “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.

“სპუტნიკ საქართველო” –  მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მედია პლატფორმას წარმოადგენს. საქართველოში სპუტნიკი ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. სპუტნიკი ყოფილი რია ნოვოსტის ოფისშია განთავსებული. დამოუკიდებლობა.com-ის ანგარიშის თანახმად, აღნიშულ ოფისში პრესკონფერენციები გამართეს ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ” (რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი); ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, ”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესმა”; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ” (ნოდარ ცოტნიაშვილი) და სხვებმა.( წყარო: მითების დეტექტორი)

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

პროკურატურის განცხადებაზე, ფურცხვანიძემ ტვ “პირველის” ეთერში  განაცხადა:

“ეს ფოტოები ჩემი მოპოვებულია. ეს დამადასტურებულია იმის, რომ მოხვდა მკვლელობა და ეს მანქანა მსხვერპლთან ერთად არ იმყოფებოდა იმ პერიოდში იმ ადგილზე. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას რომ ეს ყალბია, ამას სჭირდება დასაბუთება და მეორე, პროკურატურა უნდა იყოს მზად როგორმე მოიპოვოს ოფიციალური გზით სატელიტური ფოტოები”,- ამბობს ფურცხვანიძე ტვ პირველის ეთერში.

დავით ფურცხვანიძე არ ასახელებს კონკრეტულად საიდან მოიპოვა მან ჩანაწერები. მისი თქმით, მასალა კერძო საშუალებებიდან არის მოპოვებული.

“მე წარმოვადგინე და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ასე არ არის, მაშინ წარმოადგინოს ის, რაც მას მიაჩნია ჭეშმარიტად. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მოპოვებულია კერძო საშუალებებით, აქედან გამომდინარე მე საკუთარი თავის გარდა ვერავის ვერ დავასახელებ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მე გადავეცი რამიშვილს. მთლიანად საქმე ეხება უფრო დიდ თემას, ძალიან დიდ უკანონო საქმიანობას, რომელიც უკავშირდება დიდი რაოდენობით თანხების გათეთრებას”,- აცხადებს დავით ფურცხვანიძე.