“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა.

მისი თქმით, ჯაფარიძემ მათგან მოითხოვა, სენსიტიურ თემებზე არ ისაუბრონ და მოწევას თავი დაანებონ.

“ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა საკითხზე ვისაუბრო და რა საკითხზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნები არ ყოფილა, უბრალოდ მოთხოვნები იყო. ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო. მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,”პლანს”. სერიოზულად, ეს იყო ერთ–ერთი მოთხოვნა. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა”,– თქვა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებს სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ, ამიტომ ჯაფარიძემ მეტი განმარტება უნდა გააკეთოს.

ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.