პოზნერის საგულაო ჯგუფი პოლიციის ესკორტით დადის – ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პოზნერი მეგობრებთან ერთად თბილისში პოლიციის ესკორტის თანხლებით გადაადგილდება.

“პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან და მიდიან საქეიფოდ. კომენდანტი?
პოლიციის ესკორტით დადიან”,– წერს ხოშტარია.

რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ერთად კაფე “სტამბაში” იმყოფებოდა, ახლა კი, ჩვენი ინფორმაციით, ისინი ავტობუსით ავლაბარში, რესტორან “ვინოტელში” მიდიან, რათა პოზნერის დაბადების დღე აღნიშნონ.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისში ჩამოვლის შემდეგ განაცხადა, რომ “შესაძლოა” აფხაზეთზე თქვა, რომ “ის აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, თუმცა ახლა პოლიტიკაზე არ ისაუბრებს, რადგან აქ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.