პოლიციამ დმანისში მკვლელობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 1992 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს -2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.