პრივილეგიებით არ ვისარგებლებ, მყავს მანქანა, სკუტერი და ცხენიც – იოსელიანი

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარლამენტის ვიცე–სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას არ აპირებს, მათ შორის, არც მძღოლისა და მანქანის მომსახურებით.

მისი თქმით, თავადაც ჰყავს მანქანა, სკუტერი და ცხენი, ამიტომ პარლამენტამდე მისვლას თავადაც შეძლებს.

„ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც მე პარლამენტში შევედი. როდესაც ოპოზიციით კვოტით გვერგო ეს თანამდებობა და დავინახე, რამდენი პრივილეგია მოყვება ამ პოსტს, მაგალითად: მძღოლი და მანქანა, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება. ამისთვის არ მივსულვარ იქ და ამის გარეშეც შემიძლია გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო.

ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, პანდემიის გამო ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველის გამზირზე, არ მჭირდება მანქანა და, მითუმეტეს, მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მანქანის გარდა, მყავს სკუტერიც და მყავს, თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.